Thursday, April 26, 2012

შობის ტრადიციები

შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებიან. ეს ორი დღესასწაული ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მაგრამ ახალი წელი და მისი აღნიშვნის ტრადიციები მაინც შეიცავს წინაქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს. დღესდღეობით შობას საქართველოში უფრო მშვიდ გარემოში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ყველა საშობაო ალილოთი ეგებება. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბანებს და სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. ძირითადად ეს იყო პური, შაქარი და კვერცხი. მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა შეცვალეს. ძღვენს კი ჩურჩხელასთან ერთად დაემატა ფული და სხვა სახის ტკბილეული. საქართველოში საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში - საცივი, სამეგრელოში - ელარჯი და ღომი, მესხეთში - თუთის ბექმეზითა და დათლილი ნიგვზით მომზადებული გოზინაყი. სადესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი. სამეგრელოში - გოჭს წვავენ აჯიკითა და მარილ-წყლით, ამზადებენ კუპატებს ღორის შიგნეულობისა და ხორცისგან. ადრე კახეთში საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა დებულიყო მოხარშული ღორის თავ-ფეხი, ღორის ხორცის მწვადები და მუჟუჟი. ასევე ტრადიციულია მრგვლად მოხარშული დედალი ნიორთავას საწებლით. ნიორთავა წარმოადგენს მარილთან ერთად დანაყილ ნიგოზსა და ნიორს, რომელსაც წყლით ან ქათმის ბულიონით აზავებენ. ასეთი საკმაზით ანელებენ მოხარშულ სიმინდსაც, რაც კახური საახალწლო სუფრისთვის ძალიან დამახასიათებელია. ტკბილეულიდან - ჩურჩხელები (დასავლეთ საქართველოში - ჯანჯუხები), თაფლი, თხილეული და ჩირი. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი, რომელსაც ასევე ბარბარობის დღესასწაულზეც ამზადებენ.http://www.vinoge.com/samzareulo/Sobis-tradiciebi-saqarTveloSi

No comments:

Post a Comment